Wednesday, May 9, 2012

ელექტრონული (ინტერნეტ) შეთანხმებები

ლევან ბოძაშვილი


ელექტრონული (ციფრული) კონტრაქტი ანუ ინტერნეტ შეთანხმებები- აუცილებლობა ქართულ კანონმდებლობაში


ყოველდღიურად ინტერნეტის ერთი აქტიური მომხმარებელი საშუალოდ 4-5 ელექტრონულ კონტრაქტს დებს.  აბსოლუტური უმრავლესობა ასეთი მომხმარებლებისა არ კითხულობს მათ. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს, მათ შორის: ა) ასეთი კონტრაქტები მომხმარებლის მხრიდან ცვლილებას არ ექვემდებარება და თუ მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია ასეთ ვებსაიტზე შესვლა ის მაინც აწერს ხელს კონტრაქტს; ბ) კონტრაქტები, როგორც წესი, განსხვავებული და ხშირ შემთხვევაში მცირე ზომის შრიფტებით არის დაწერილი და გ) ასეთი კონტრაქტების დიდი მოცულობიდან გამომდინარე, რომელთა წაკითხვა საკმაოდ დიდ დროსთან არის დაკავშირებული. მაგრამ ჩნდება კითხვა: არის თუ არა ელექტრონული კონტრაქტი იგივე იურიდიული ძალის მატარებელი როგორც წერილობითი ფორმით დადებული ხელშეკრულება?
ამერიკის შეერთებულ შტატებში 2000 წელს მიღებული კანონის  (გლობალურ და საერთაშორისო კომერციაში გამოყენებული ელექტრონული ხელმოწერის შესახებ) მიხედვით, ასეთი ხელშეკრულება ისეთივე იურიდიული ძალისაა და იგივე სახის აღსრულებას ექვემდებარება როგორც ჩვეულებრივი, ტრადიციული ქაღალდის კონტრაქტები. ამ აქტმა საკმაოდ გაუადვილა საქმიანობა ელექტრონული კომერციით დაკავებულ კომპანიებს, განსაკუთრებით კი იმათ, ვინც საფინანსო, სადაზღვევო თუ შინამეურნეობების სერვისის სფეროში მოღვაწეობს (ონლაინ შეკვეთები, შოპინგი და ა.შ.). ასეთ კომპანიებს საშუალება მიეცათ საკუთარი საქმიანობის მთლიანად ელექტრონულად (ინტერნეტის მეშვეობით) წარმართვისა, რაც ბუნებრივია საკმაოდ დიდ ფინანსურ დანაზოგებს გულისხმობს. მაგალითისთვის, მანამდე არსებული თითოეული გარიგება ქაღალდის კონტრაქტის შედგენას, შესაბამისი იურისტის ანაზღაურებასა და დამოწმებასთან იყო დაკავშირებული, რაც გარდა ფინანსური სახსრებისა დიდ დროსაც მოითხოვდა. ერთ-ერთმა კომპანიამ დაითვალა რა აღნიშნული დანაზოგი, აღმოაჩინა, რომ „ქაღალდომანიის“ აღმოფხვრით დანაზოგმა თითოეულ გარიგებაზე 750 აშშ დოლარი შეადგინა.


რა არის ელექტრონული კონტრაქტი და ელექტრონული ხელმოწერა?
 ელექტრონული კონტრაქტი წარმოადგენს ელექტრონული ფორმით დადებულ გარიგებას, რომელშიც არ გამოიყენება რაიმე  სხვა სახის წერილობითი ფორმა გარდა ელექტრონულისა და რომელიც ხელმოწერილია ელექტრონულად. მაგალითად, თუ თქვენს ბიზნესპარტნიორს ელექტრონული ფოსტით გადაუგზავნით ასეთ კონტრაქტს და ის მას ელექტრონული ხელმოწერით უკან დაგიბრუნებთ, კონტრაქტი ძალაშია. ელექტრონული კონტრაქტი შეიძლება არსებობდეს ე.წ. ღილაკის „დაჭერით დადებული“ (click-to-accept) ფორმით, რომელიც უმეტესად გადმოსატვირთ პროგრამებთან მიმართებაში გამოიყენება. ასეთ შემთხვევაში მომხმარებელი (გადმომტვირთავი) აჭერს „თანხმობა“ (I Agree) ღილაკს ხელს და კონტრაქტიც დადებულია.
 მიუხედავად იმისა, რომ ასეთი სახით დადებული კონტრაქტები საგრძნობლად აჩქარებს და ეფექტურს ხდის ონლაინ ბიზნესის წარმოებას, მნიშვნელოვანია ასეთი კონტრაქტების უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფა. ამ მხრივ მრავალი ტექნიკური საშუალება და პროგრამული უზრუნველყოფა არსებობს. მათ შორის ყველაზე გავრცელებული და უსაფრთხო კრიპტოგრაფიული მეთოდია. კრიპტოგრაფია არის მეცნიერება ინფორმაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესახებ. უსაფრთხოების ექსპერტები დღესდღეობით ამ მეთოდში გამოარჩევენ კრიპტოგრაფიული ხელმოწერის მეთოდს რომელიც Public Key Infrastructure (PKI - საჯარო ინფრასტრუქტურის გასაღები) სახელითაა ცნობილი. 2000 წელს აშშ-ში მიღებული ზემოაღნიშნული აქტის შემდგომ მრავალი ონლაინ სერვისის განმახორციელებელი კომპანიები სწორედ ასეთი სახით არსებულ ელექტრონულ კონტრაქტებსა და ხელმოწერებს იყენებენ.  ეს მეთოდი ფუნქციონირებს ზუსტად ისე, როგორც ჩვენ ვიყენებთ ე.წ. PIN კოდებს ჩვენი საბანკო ბარათებისთვის.
 მომხმარებელთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით აღნიშნული კანონი ავალდებულებს კომპანიებს ელექტრონული შეთანხმებების პარალელურად მომხმარებელს შესთავაზონ ჩვეულებრივი, ქაღალდზე დადებული ხელშეკრულებაც. ეს ვალდებულება ითვალისწინებს საშუალებას ელექტორნული კონტრაქტის დადების შემდეგაც კი წერილობითი ხელშეკრულების დადებას. ამასთან, ელექტრონული ხელშეკრულება და ზოგადად შეთავაზება უნდა ითვალისწინებდეს იმ პროგრამულ თუ ტექნიკურ საშუალებებს და დასახელებებს, რომლებიც საჭიროა აღნიშნული ონლაინ გარიგების შესასრულებლად. ასეთი ინფორმაციის არ არსებობა შესაძლებელია გახდეს უკვე დადებული ელექტრონული ხელშეკრულების ბათილობის საფუძველი.
 აღსანიშნავია, რომ ელექტრონული შეთანხმებები არ შეიძლება დაიდოს ყველა სახის იურიდიულ დოკუმენტთან მიმართებაში. აშშ კანონმდებლობა ამ მხრივ გარკვეულ გამონაკლისებს აწესებს. ეს გამონაკლისები კი კერძოდ ეხება: ანდერძებსა და აპოსტილებს, მინდობილობებს, სასამართლო ბრძანებებს, უწყებებს, შუამდგომლობებსა და სხვა დაკავშირებულ პროცესუალურ დოკუმენტაციას, გასახლებისა და სააღსრულებო ფურცლებს, სადაზღვევო ანაზღაურებით დოკუმენტაციას, განქორწინების, შვილად აყვანისა და სხვა საოჯახო საქმეებს, საშიში და ფეთქებადსაშიში ნივთიერებებისა და პროდუქტების ტრანსპორტირებას, ასევე გაკოტრებისა და მასთან დაკავშირებულ საკითხებს.
 ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასეთი სახის კანონმდებლობის მიღება საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ კრძალავს ასეთი ტიპის კონტრაქტების გამოყენებას, მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და კომპანიათა საქმიანობის გაადვილების, ასევე ხარჯების შემცირებისა და დაბეგვრის პროცესის ეფექტურობის ამაღლების, ასევე ვირტუალურ სივრცეში საავტორო უფლებების დაცვის მიზნით, ამ სფეროს მარეგულირებელი სპეციალიზირებული კანონმდებლობის მიღება აუცილებლობად გვესახება.

No comments:

Post a Comment