Thursday, May 17, 2012

კიბერშეურაცხყოფა



ქსელის პოპულარობის ყოველდღიურ ზრდასთან ერთად, შეურაცხყოფის ფაქტებმა რეალური ცხოვრებიდან ინტერნეტის ვირტუალურ სამყაროში გადაინაცვლა და მას კიბერშეურაცხყოფა ეწოდა. დღეს, ანონიმური კომუნიკაციების გამო კიბერშეურაცხყოფა ისეთი ადვილია, როგორც არასდროს.
ქსელში, რთული არ არის პირის იდენტობის დამალვა ან არასწორი პირადი ინფორმაციის მიწოდება. ვებსაიტები, ელფოსტა, ჩატ ოთახები და ფორუმზე არსებული განხილვები შეურაცხმყოფელებს აძლევს საშუალებას სხვადასხვა ხერხებით მოახდინონ სხვების მიმართ ამ ქმედების განხორციელება. ეს მომსახურებები ასევე საშუალებას აძლევენ შეურაცხმყოფელებს, ჰქონდეთ წვდომა მსხვერპლის პირად ინფორმაციასთან.
მართალია, არ არსებობს კიბერშეურაცხყოფის უნივერსალური განმარტება, თუმცა, ის განიხილება, როგორც ინტერნეტის, ელფოსტის ან სხვა ელექტრონული მოწყობილობის საშუალებით ადამიანის შეურაცხყოფა ან შეწუხება. ინტერნეტს გააჩნია ყველა სახის ანონიმური მახასიათებელი, რომელიც ასე უყვართ სტალკერებს (შეურაცხმყოფის მიმყენებელ ადამიანებს). ღილაკზე მარტივი დაჭერით, სტალკერს შეუძლია გააგზავნოს დამაშინებელი ან შემაწუხებელი შეტყობინება მსხვერპლის ელფოსტაზე ან დატოვოს აღნიშნული ჩატის ოთახში ან ფორუმზე. ინტერნეტი ასევე გზას უხსნის მორიდებულ სტალკერებს, რომელსაც არ სურთ მსხვერპლისთვის დარეკვა ან ფიზიკურად დევნა და, რომელთაც მარტივად შეუძლიათ შეტყობინების ინტერნეტში გაგზავნა. ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს, რომ ინტერნეტით მიღებული შეტყობინება ზიანის მომტანი არ არის და ნაკლებად შემაშფოთებელია, თუმცა ეს ფაქტი შეიძლება გადაიზარდოს უფრო სახიფათო სიტუაციაშიც. ისევე როგორც ფიზიკური შეურაცხყოფის დროს, კიბერშეურაცხყოფამაც შეიძლება მიგვიყვანოს პირისპირ კონფრონტაციამდე ან უარესამდეც.
სამწუხაროდ, არ არსებობს საკმარისი კანონმდებლობა, რომელიც დაეხმარება კიბერშეურაცხყოფის მსხვერპლებს. ჯერჯერობით კიბერ-შეურაცხყოფა არ არის განხილული დანაშაულად და სამართალდამცავი ორგანოები უბრალოდ ურჩევენ მოქალაქეებს თავი შორს დაიჭირონ კომპიუტერისგან, რაც დღევანდელ ცხოვრებაში თითქმის წარმოუდგენელია. კიბერშეურაცხყოფამ შეიძლება მიგვიყვანოს დამანგრეველ შედეგამდე და სწორედ ამიტომაც ცდილობენ სახელმწიფოები ახალი კანონმდებლობებისა და სტრუქტურების ჩამოყალიბებას მოქალაქეების დასაცავად.
კიბერშეურაცხყოფა შეიძლება დაიყოს პირდაპირ და არაპირდაპირ ასპექტებად.
პირდაპირი კიბერშეურაცხყოფა მოიცავს: დამაშინებელი, ძალადობრივი ან შემაწუხებელი შეტყობინების გაგზავნად დაზარალებულისათვის ელფოსტის ან ინტერნეტის სხვა საკომუნიკაციო საშუალებით ან/და ტექნოლოგიური საშუალების გამოყენებას, დაზარალებულის ინტერნეტის გამოყენებაში ჩარევას, გატეხვის ან სერვისის გათიშვის შეტევის საშუალებით.
არაპირდაპირი კიბერშეურაცხყოფა მოიცავს, დაზარალებულის შესახებ ხმის ან ჭორების გავრცელებას სხვადასხვა ფორუმზე, დაზარალებულის შემოერთებას არასასურველ ონლაინ მომსახურებასთან, დაზარალებულის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას ონლაინ პაემანის ან სხვა სქესობრივი მომსახურების საიტზე, ან მესამე პირისთვის შეტყობინების გაგზავნას დაზარალებულის სახელით.
კიბერშეურაცხყოფის ფაქტის შეტყობინების დროს შეიძლება გამოყენებული იქნეს შემდეგი ტიპის დამახასიათებელი ასპექტები, რომლებიც უნდა იყოს სახეზე: 

ვინმეს დაშინების და ტკივილის მიყენების აშკარა სურვილის ან განზრახვის არსებობა. კიბერშეურაცხყოფის დიდი ნაწილი საზიანო ხასიათის არის საფრთხის პირდაპირობისა და ღიაობის გამო. თუმცა, ყველა მათგანი არ არის საზიანო. არსებობს შემთხვევები, როდესაც კიბერსტალკინგს აქვს სიყვარულზე ორიენტირებული ბუნება, მართალია, ამ შემთხვევაში ეს ქმედება შეიძლება შემაწუხებელ ხასიათს ატარებდეს, მაგრამ სტალკერს არ აქვს ვნების მიყენების არანაირი სურვილი. ზოგიერთ ონლაინ დაჩაგვრას აქვს პრაქტიკული ხუმრობის სახე, ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება ის სასიამოვნო ნამდვილად არ იყოს, თუმცა ქმედების ჩამდენის სურვილი ზიანის მიყენება არ არის.
ამასთანავე, ყველა დამჩაგვრელი ქმედება არ არის წინასწარგანზრახული. ზოგიერთ შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს ემოციური აღშფოთება, როდესაც ადამიანი კარგავს საკუთარ თავზე კონტროლს და ემოციებს ელექტრონული სახით გამოხატავს. ამ ქმედებამ შეიძლება ნამდვილად გამოიწვიოს გარკვეული ტიპის ტანჯვა, თუმცა ის ვერანაირად იქნება წინასწარგანზრახული.
ონლაინ სტალკინგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია გამეორება. ერთჯერადი სახის ონლაინ შეტევა არ შეიძლება მივიჩნიოთ კიბერშეურაცხყოფად, რადგან კიბერსტალკინგი მოიცავს გამეორებითი სახის ქმედებებს, რომლებიც დგება დროის გარკვეულ მონაკვეთში. 
ასევე არ შეიძლება ქმედების კიბერშეურაცხყოფად ან დაჩაგვრად შერაცხვა, თუ მის შედეგად არ დადგა გარკვეული ტანჯვა. ტანჯვას მრავალი სახე აქვს, როგორებიცაა შეწუხება, დამცირება, შეურაცხყოფა, დაშინება და სხვა. კიბერსტალკინგის მნიშვნელოვანი ნაწილია შიშის არსებობაც.
ონლაინ შეურაცხყოფის დროს ტანჯვის დამტკიცება ადვილი საქმე როდია. მას სჭირდება მოწმეთა ჩვენებები, ან იმის დასტური, რომ დაზარალებულმა მიაკითხა ექიმს ამ ინციდენტიდან გამომდინარე დახმარების მისაღებად.
ელექტრონული კომუნიკაციის ანონიმურობაც გარკვეულწილად პრობლემას ბადებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ დაზარალებულმა იცის მისი აგრესორის ვინაობა, სამართალდამცავ ორგანოებს გაუჭირდებათ ამ პირის დანაშაულთან დაკავშირება. მნიშვნელოვანია შეურაცხყოფასთან დაკავშირებით უფრო მეტი ექსპერტიზის ჩატარება იმისათვის რომ პრობლემას უფრო ეფექტურად გავუმკლავდეთ. პოლიციისა და სამართლებრივი დაწესებულების დიდ ნაწილს არასაკმარისი გამოცდილება აქვს კიბერშეურაცხყოფისა და ამგვარი დანაშაულების გამოძიების სფეროში.
სამართალდამცავი ორგანოების ქმედებებს შორის განსხვავებები34 შეიძლება მივაწეროთ რამოდენიმე ფაქტორს. პირველი, ცნობილია, რომ კიბერშეურაცხყოფების ფაქტების დიდი ნაწილის შეტყობინება, სამწუხაროდ, არ ხდება, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს იმით რომ დაზარალებულებს ეს დანაშაულად არ მიაჩნიათ ან რომ სამართალდამცავი ორგანოები მათ სერიოზულად არ შეხედავენ. მეორე, სამართალდამცავი ორგანოების დიდ ნაწილს არ ჰქონია გავლილი შესაბამისი ტრენინგი კიბერშეურაცხყოფის გამორკვევისა და გამოძიებისათვის. სამწუხაროდ, სამართალდამცავი ორგანოები დაზარალებულებს აძლევენ მითითებებს, რომ საერთოდ გამორთონ კომპიუტერები ან რომ ოფლაინ რეიმში გაუმკლავდნენ მათ, რაც თავისთავად არაეფექტურია.




No comments:

Post a Comment