Monday, June 4, 2012

ვირტუალური ბრძოლის ველი


ყოველდღიურად ჩვენთვის უხილავად და მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს მდუმარე ბრძოლა კიბერსივრცეში, ბრძოლა დამცველებსა და ბოროტმოქმედთა შორის, თუმცა არსებობს დიდი და დადასტურებული საფრთხე, რომ ეს ყველაფერი მალე ვირტუალურ კონფლიქტში ანუ კიბერომში გადაიზრდება და კიბერსივრცე ნამდვილ ომის ველად იქცევა. ამ მოვლენის მონაწილეები კი ტყვიებისა და ბომბების ნაცვლად ბიტებსა და ბაიტებს იყენებენ. მცდარი იქნება ის მოსაზრება, რომ ციფრული იარაღები რეალურ სამყაროში ვერ მოახდენენ გავლენას. 21-ე საუკუნეში ყველაფერი ინტერნეტთან არის დაკავშირებული ან კომპიუტერებით იმართება:
  • სასწრაფო დახმარება
  • ფინანსური სისტება
  • ელექტრო ენერგია
  • წყლისა და გაზის მილსადენები
  • შეიარაღებული სისტემები
  • კომუნიკაციური ქსელები



ეს ყველაფერი და კიდევ მრავალი სხვა საშუალება რაც აუცილებელია საზოგადოების უსაფრთხოებისა და უბრალოდ ნორმალურ პირობებში არსებობისათვის, მუდმივი საფრთხის ქვეშ დგანან. იმ შემთხვევაშიც კი თუ ქსელის ადმინისტრატორები მთლიანად მოწყვიტავენ საკუთარ კომპიუტერებს ინტერნეტისაგან, ისინი მაინც იდგებიან კიბერ შეტევის საშიშორების წინაშე. ამის კარგი მაგალითია 2010 წელს აღმოჩენილი რევოლუციური კომპიუტერული ჭია Stuxnet, რომელიც აკვირდებოდა ირანის ბირთვულ პროგრამას, ინახავდა ინფორმაციას და ავტომატურ რეჟიმში სწავლობდა სხვდასხვა დანადგარების კონტროლის მექანიზმებს. აქ კი მთავარი ის არის, რომ  ირანის ბირთვულ სადგურებს ინტერნეტთან კავშირი საერთოდ არ ჰქონდათ და ის ფლეშ მეხსიერებით გავრცელდა.

ტრადიციული ომის მეთოდებისაგან განსხვავებით, რომელსაც მასიური რესურსები სჭირდება, კიბერომის განხორციელება ბევრად ნაკლებ ხარჯს მოითხოვს, ამისათის საჭიროა შესაბამისი ცოდნის მქონე პიროვნება და კომპიუტერული აღჭურვილობა. ძლიერი შეტევის განხორციელება კი შესაძლებელია სტანდარტული ლეპტოპის მქონე ათეულობით ჰაკერის მიერ. თუ გავითვალისწინებთ სხვადასხვა ქვეყნებზე განხორციელებული შეტევების რიცხვს შეიძლება ითქვას, რომ პირველი ნამდივლი კიბერომი 90იან წლების ბოლოს დაიწყო.მოდით გადავხედოთ კიბერსივრცეში განხორცილებულ ცნობილ ბრძოლებს.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს ბევრმა იცის ინტერნეტიდან საფრთხის არსებობის შესახებ, ამის შეცნობა ზოგიერთმა ადამიანებმა ძალიან ადრე დაიწყეს. 1997 წელს, აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტმა ჩაატარა ექსპერიმენტი "Eligible Receiver". მიუხედავად იმისა, რომ ამ ექსპერიმენტთან დაკავშირებული დეტალების უმრავლესობა გასაიდუმლოებულია, ცნობილია რომ მისი ამ ცდის მთავარი დანიშნულება იყო, რომ გამოკვეთილიყო შეეძლო თუ არა ჰაკერების ჯგუფს ჩვეულებრივი სახის კომპიუტერებისა და პროგრამების გამოყენებით პენტაგონის კომპიუტერულ სისტემებში შეღწევა. ექსპერიმენტის შედეგები შთამბეჭდავი აღმოჩნდა - იმ დროინდელი თავდაცვის მინისტრის ინტერვიუდან ირკვევა, რომ პენტაგონს სამი დღე დასჭირდა მანამ სანამ გაიგებდა, რომ მისი კომპიუტერული სისტემა თავდასხმის ქვეშ იყო. ჰაკერების ჯგუფმა მიითვისა პენტაგონისა და ეროვნული სამხედრო ძალების სამართავი სისტემები. ნამდვილი შეტევის შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა კომპიუტერული სისტემების გათიშვა და ინფორმაციის მიტაცება.

აღმოჩნდა, რომ ნამდვილმა მეტოქემ ამის გაკეთება 1 წლის შემდეგ შეძლო. იმ შეტევების დროს რომელსაც აშშ-ს მთავრობამ "Moonlight Maze" უწოდა, პირმა მოახერხა პენტაგონის, ნასას და სხვა დაწესებულებების სისტემაში შეღწევა და საიდუმლო ინფორმაციის ნახვა. ამ შეტევის არსებობა სრულიად შემთხვევით იქნა აღმოჩენილი 2000 წელს. სამთავრობო აგენტებმა დაადგინეს, რომ შეტევა რუსეთიდან მოდიოდა, თუმცა ამის დანამდვილებით თქმა მაინც რთულია.

მიუხედავად ამისა არ შეიძლება ითქვას, რომ აშშ მხოლოდ დაცვით როლს თამაშობს კიბერომში. ის იყენებმდა კიბერ ომის სტრატეგიებს ავღანეთსა და ერაყში. კოსოვოს კონფლიქტის დროს სერბების საჰაერო დაცვითი სისტემების გადანდგურებისათვის. ამ შეტევების დროს სერბეთის ძალებისკენ იგზავნებოდა არასწორი სურათები ჯარებისა და იარაღის ადგილსამყოფელის შესახებ.

2008 წელს კი, კიბერომმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა რუსეთ საქართველოს კონფლიქტის დროს. ჰაკერებმა განახორციელეს DDoS (მომსახურების გათიშვის დისტრიბურებული შეტევა) შეტევების სერია ქართულ ვებ სერვერებზე. DDoS  შეტევა გულისხმობს ვებ სერვერზე ერთდროულად მილიონობით პაკეტების გაგზავნას, ამ დროს სერვერი ვერ ახდენს ყველა მათგანის დამუშავებს რის შედეგადაც ის ფუჭდება.

კიბერომების სია კი აქ არ მთავრდება, ჩრდილოეთ კორეა ხშირად იყენებს ხოლმე აღნიშნულ ხერხებს სამხრეთ კორეის წინააღმდეგ, ჩინეთი კი ტაივანის წინააღმდეგ ეს ბრძოლა ყოველდღიურად მიმდინარეობს, რაც კიდევ უფრო ზრდის კიბერუსაფრთხოებაზე ზრუნვისა და სრულყოფილი სამართლებრივი თუ უსაფრთხოების სისტემის ჩამოყალიბების აუცილებლობას.



No comments:

Post a Comment